ეროვნული დამოუკიდებლობის დღე
11.11.2020
102 წლის წინ, 1918 წლის 11 ნოემბერს პოლონეთმა დამოუკიდებლობა აღიდგინა.
ამ დღეს, მაგდებურგის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, იუზეფ პიუსუდსკი მმართველობითი საბჭოს სამხედრო მეთაურობას ჩაუდგა სათავეში, ხოლო სამი დღის შემდეგ სამოქალაქო საკითხებზე მიიღო უმაღლესი უფლებამოსილება, როგორც "პოლონეთის არმიის მთავარსარდალმა. [...] "ეცნობოთ მეომარ და ნეიტრალურ მთავრობებსა და ერებს აღორძინებული და დამოუკიდებელი პოლონეთის რესპუბლიკის” რუკაზე გამოჩენის შესახებ. 123-წლიანი ტყვეობის შემდეგ, პოლონეთი სუვერენული და საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო გახდა.
ხუთი თაობა იბრძოდა აჯანყებებში, უფრთხილდებოდა პოლონურ სულს, წინააღმდეგობას უწევდა გერმანიზაციასა და რუსიფიკაციას, რათა 1918 წლის ნოემბერში პოლონელებს თავისუფლება დაეგემოვნებინათ. იოზეფ პიუსუდსკი, რომან დმოვსკი, იგნაცი იან პადერევსკი, გენერალი იუზეფ ჰალერი, იგნაცი დაშინსკი, ვინცენტი ვიტოსი და ვოიჩეხ კორფანტი იყვნენ დამოუკიდებელი პოლონეთის დამფუძნებელი მამები. ეს სახელმწიფო მოღვაწეები მრავალფეროვანი პოლიტიკური ხედვებისა იყვნენ, თუმცა 1918 წელს მათ საერთო მიზანი ჰქონდათ - პოლონეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენა.
მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა იენდჟეი მორაშევსკიმ ამ განსაკუთრებული მომენტის ატმოსფერო შემდეგი სიტყვებით აღწერა: ”არ შეიძლება ამ სიხარულის გადმოცემა, ამ გიჟური სიხარულისა, რომლითაც ამ წუთში პოლონელი ხალხი ივსებოდა. 120 წლის შემდეგ ბორკილები მოხსნილია. თავისუფლება! დამოუკიდებლობა! გაერთიანება! ჩვენი საკუთარი ქვეყანა! სამუდამოდ! ქაოსი? არ აქვს მნიშვნელობა. ყველაფერი კარგად იქნება. […] ვინც ვერ შეესწრო ამ საოცარ დღეებს, აღფრთოვანებულ ხალხს, ის ვერასდროს განიცდის მსგავს სიხარულს თავის ცხოვრებაში.
102 წლის წინანდელი ისტორიული მეხსიერების მოგონება, როდესაც პოლონეთმა დამოუკიდებლობა და თავისუფლება აღიდგინა, კვლავ შთაგონების წყაროდ რჩება, რომ ვიმოქმედოთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის.