ვიშეგრადის თანამშრომლობის 30-ე წლისთავი
15.02.2021
30 წლის წინ, 1991 წლის 15 თებერვალს, პოლონეთისა და ჩეხეთის პრეზიდენტებმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიშეგრადის ციხესიმაგრეში (უნგრეთი) ურთიერთთანამშრომლობის დეკლარაციას ხელი მოაწერეს. მიზანი ჩეხეთისა და სლოვაკეთის ფედერაციული რესპუბლიკის, პოლონეთის რესპუბლიკისა და უნგრეთის რესპუბლიკის ევროინტეგრაციის ხელშეწყობა იყო.
დეკლარაციამ პოლიტიკური ჩარჩო შექმნა პოლონურ-ჩეხოსლოვაკურ-უნგრული ფართო თანამშრომლობისა და ჩვენი სამი, შემდეგ კი ოთხი ქვეყნის საზოგადოებათა დაახლოებისათვის. თანამშრომლობის თავდაპირველი მიზანი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და თავისუფლების სრულად აღდგენა იყო. ასევე, ტოტალიტარული სისტემის აღმოფხვრა, საპარლამენტო დემოკრატიის მშენებლობა, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემა, საბაზრო ეკონომიკის შექმნა და ევროპული პოლიტიკურ-ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება შესაბამისი კანონმდებლობით. ამ ეტაპის სიმბოლოური კულმინაცია, რომელმაც ამავდროულად ახალი შესაძლებლობები გააჩინა ვიშეგრადის თანამშრომლობისთვის, ჩვენი ქვეყნების ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და მოგვიანებით, ევროკავშირში გაწევრიანება იყო.
დღეს, ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს მეგობრობისა და კეთილმეზობლური თანამშრომლობის გარდა, კვლავაც მსგავსი სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები, რეგიონალური სოლიდარობის განცდა და ევროპულ და საგარეო პოლიტიკაში საერთო მიზნების მიღწევის სურვილი აკავშირებთ.
30 წლის პერსპექტივიდან გამომდინარე, ვიშეგრადის ჯგუფი გახდა არა მხოლოდ ახალი, გაერთიანებული ევროპის და ჩვენი რეგიონის ქვეყნების წარმატებული პოლიტიკურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის ერთერთი სიმბოლო, არამედ რეგიონალური თანამშრომლობის ეფექტური ნიმუშიც. ევროკავშირი აქტიურად მონაწილეობს მისი პოლიტიკის განსაზღვრასა და კონკურენტუნარიანობის განმტკიცებაში.
მაგრამ V4 არ არის მხოლოდ პოლიტიკური თანამშრომლობა. ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი ემბლემა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდია, რომელიც 2000 წლიდან ფუნქციონირებს. ფონდმა 2400-მდე სტიპენდია გასცა და 6000-მდე პროექტი დააფინანსა. არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობების, მეცნიერებისა და სახელოვნებო პროექტები ძირითადად ჩვენს 4 ქვეყანაში ხორციელდება, ხოლო მათი გარკვეული ნაწილი - აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებში.
მოხარულნი ვართ, რომ ვიშეგრადის ჯგუფის ასეთი მნიშვნელოვანი წლისთავი პოლონეთის V4 თავმჯდომარეობას ემთხვევა, რომელიც 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის ივნისამდე გრძელდება.