ეროვნულ ვიზაზე განაცხადის შემოტანისას უცხოელის მიერ წარსადგენ სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები
04.12.2020
პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში გაცნობებთ, რომ 2020 წლის 1 დეკემბრიდან შეიცვალა პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნულ ვიზაზე განაცხადის შემოტანისას უცხოელის მიერ წარსადგენი სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა.
სამოგზაურო სამედიცინო დაზღვევა აკმაყოფილებს ახალ მოთხოვნებს, თუ:
- დაზღვევაზე მზღვეველის პასუხიმგებლობის მინიმალურ ოდენობად გათვალისწინებულია 30 000 ევრო;
- მოქმედია უცხოელის მიერ პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაგეგმილი ყოფნის მთლიან პერიოდზე;
- ფარავს ყველა იმ ხარჯს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას უცხოელის ამ ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში:
მაგალითად:
· სამედიცინო მიზეზებით განპირობებული უკან (სამშობლოში) დასაბრუნებელი მგზავრობის აუცილებლობის შემთხვევაში;
· აუცილებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების შემთხვევაში;
· გადაუდებელი სტაციონალური მკურნალობის შემთხვევაში;
· გარდაცვალების შემთხვევაში;
ხოლო მზღვეველი აკმაყოფილებს ახალ მოთხოვნებს, თუ:
- იღებს ვალდებულებას, რომ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სუბიექტების სასარგებლოდ დაფაროს დაზღვეული პირის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები - გაცემული ქვითრის/ინვოისის საფუძველზე;
- უზრუნველყოფს 24 საათიანი სერვის ცენტრის მუშაობას, სადაც შესაძლებელია სადაზღვევო შემთხვევების შეტყობინება, რომელიც წარმოშობს მზღვეველის პასუხიმგებლობას, აანაზღაუროს ზარალი.
უცხოური საწარმოებისა და სხვა უცხოური პირების პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეკონომიკურ ბრუნვაში მონაწილეობის წესების შესახებ 2018 წლის 6 მარტის კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მზღვეველს არ აქვს სათავო ოფისი ან ფილიალი პოლონეთის რესპუბლიკის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრი ქვეყნების - ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) მხარეების ან შვეიცარიის კონფედერაციის ტერიტორიაზე, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- უნდა აქვეყნებდეს ფინანსური საქმიანობის აუდიტორულ დასკვნას; აუდიტს უნდა ახორციელებდეს აღიარებული საერთაშორისო აუდიტორული კომპანია, რომელმაც უნდა მიუთითოს პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სუბიექტების მოთხოვნების მზღვეველის მიერ დაკმაყოფილების რეალური შესაძლებლობა;
- სულ მცირე ნახევარ წლიანი ინტერვალით უნდა აქვეყნებდეს მონაცემებს დაგროვილი შენატანების საერთო ოდენობისა და დაზღვევის მოცემულ კატეგორიაში განაცემების ოდენობის შესახებ;
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაცია სადაზღვევო კომპანიებისა და მათ მიერ შეთავაზებული დაზღვევების შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ 2013 წლის 12 დეკემბრის უცხოელთა შესახებ კანონით განსაზღვრულ პირობებს, განთავსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინტერნეტ გვერდზე.