პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლისას უცხოელისთვის აუცილებელი ფინანსური საშუალებები
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილების თანახმად, რომელიც ეხება პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლისას უცხოელისთვის აუცილებელ ფინანსურ საშუალებებსა და დოკუმენტებს, რომლებსაც შეუძლია დაადასტუროს ასეთი ფინანსური საშუალებების მოპოვების შესაძლებლობა და აგრეთვე დაგეგმილი ვიზიტის მიზანი და ხანგრძლივობა 2013 წლის 12 დეკემბრის უცხოელთა შესახებ კანონის 26-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (კანონთა კრებული პოზ. 1650 და 2014 წლის პოზ. 463 და 1004) საფუძველზე, უცხოელს უნდა გააჩნდეს ფინანსური საშუალებები:
- პოლონეთის ტერიტორიაზე ყოფნისას საარსებო ხარჯების დასაფარად;
- წარმოშობის ან მუდმივ საცხოვრებელ ქვეყანაში დასაბრუნებელი ხარჯების დასაფარად;
- ტრანზიტის ხარჯების დასაფარად მესამე სახელმწიფოს მიმართულებით იმ ტერიტორიის გავლით, რომელიც გასცემს შესვლის ნებართვას;
აგრეთვე დოკუმენტაცია:
- რომელსაც შეუძლია დაადასტუროს ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების შესაძლებლობა, ასევე უცხოელის მიერ დაგეგმილი ვიზიტის მიზანი და ხანგრძლივობა.
უცხოელს, პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლისას, მოეთხოვება ფინანსური საშუალებების ფლობა სულ მცირე ქვემოთ მოყვანილი ოდენობით:
- 300 ზლოტი, თუ პოლონეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი ვიზიტის ხანგრძლივობა არ აღემატება 4 დღეს;
- 75 ზლოტი დაგეგმილი ვიზიტის ყოველ დღეზე, თუ დაგეგმილი ვიზიტის ხანგრძლივობა აღემატება 4 დღეს;
- ან აღნიშნული თანხის ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში.
პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლისას, უცხოელი, რომელიც
- ტურისტული ღონისძიების, ახალგაზრდული ბანაკის, სპორტული შეჯიბრების მონაწილეა,
- წინასწარ აქვს დაფარული პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნის ხარჯები,
- ჩამოდის სამკურნალო-სანატორიულ დაწესებულებაში,
- მონაწილეა პროგრამისა, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საზაფხულო სამუშაოების შესრულების შესაძლებლობას იძლევა და ეს პროგრამა რეგულირდება საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომლის ერთ-ერთი მხარეც პოლონეთია, ხოლო აღნიშნული მიზანი არ წარმოადგენს მისი პოლონეთის ტერიტორიაზე ყოფნის მთავარ მიზანს, პოლონეთის ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ დღეზე უნდა ფლობდეს სულ მცირე 20 ზლოტს, თუმცა არანაკლებ 100 ზლოტისა, ან აღნიშნული თანხის ექვივალენტს უცხოურ ვალუტაში.
პოლონეთის რესპუბლიკაში სწავლის დაწყების ან გაგრძელების, სასწავლო ან სამეცნიერო კვლევით პროგრამებში მონაწილეობის მიღების მიზნით გამგზავრებისას, უცხოელმა უნდა წარადგინოს დაგეგმილი ვიზიტის პირველი ორი თვის სამყოფი ფინანსური საშუალებები არა უმცირეს 1270 ზლოტისა ან ამ თანხის ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში. დოკუმენტს, რომლითაც შესაძლებელია დადასტურდეს უცხოელის პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაგეგმილი ყოფნის მიზანი და ხანგრძლივობა, წარმოადგენს ცნობა უცხოელის უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის ან სწავლის გაგრძელების, სასწავლო ან სამეცნიერო კვლევით პროგრამებში მონაწილეობის შესახებ.
უცხოელი დამატებით უნდა ფლობდეს უკან დასაბრუნებელი ბილეთის შესაძენ თანხას იმ ოდენობით, რამდენიც პოლონეთის რესპუბლიკაში ჩასასვლელი ბილეთი დაუჯდა, თუმცა არა უმცირეს:
- 200 ზლოტისა, თუ პოლონეთის რესპუბლიკის მეზობელი ქვეყნიდან ჩამოვიდა;
- 500 ზლოტისა, თუ ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა, ვიდრე განსაზღვრულია 1-ლ პუნქტში;
- 2500 ზლოტისა, თუ პოლონეთში ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოდან ჩამოვიდა - ან ამ თანხის ექვივალენტს უცხოურ ვალუტაში.
დოკუმენტაცია, რომლითაც შესაძლებელია დადასტურდეს უცხოელის მიერ ფინანსური საშუალებების მოპოვების შესაძლებლობა, არის:
- სამგზავრო ჩეკები;
- ცნობა საბანკო ბარათზე დაშვებული საკრედიტო ლიმიტის შესახებ, აღნიშნული ბარათის გამცემი ბანკიდან ან საკრედიტო დაწესებულებიდან (საზღვრის კვეთამდე არაუმეტეს ერთი თვით ადრე გაცემული).
- პოლონეთის რესპუბლიკის ან ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე ბანკში საგადახდო საშუალებების ფლობის შესახებ ცნობა (საზღვრის კვეთამდე არაუგვიანეს ერთი თვით ადრე გაცემული).
დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია დადასტურდეს უცხოელის მიერ ფინანსური საშუალებების ფლობა, არის:
- წარმოშობის ან მუდმივ საცხოვრებელ ქვეყანაში დასაბრუნებელი ბილეთი;
- უცხოელისთვის სტიპენდიის მინიჭების დამადასტურებელი საბუთი;
დოკუმენტები, რომლითაც შესაძლებელია დადასტურდეს უცხოელის პოლონეთში გამგზავრების მიზანი და დაგეგმილი ყოფნის ხანგრძლივობა, არის:
- ტურისტულ ღონისძიებაში, ახალგაზრდულ ბანაკსა და სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნის ხარჯებიდან სულ მცირე საცხოვრებლისა და კვების ხარჯების დაფარვის დასტური;
- ექიმის მიმართვა სამკურნალო-სანატორიულ დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ;
ინფორმაცია სტუდენტებისთვის, მეცნიერ-მკვლევარებისთვის, სტაჟიორებისა და მოხალისეებისთვის
უცხოელს, რომელსაც ეროვნულ ვიზაზე შემოაქვს განაცხადი სწავლის, სამეცნიერო კვლევების ჩატარების, სტაჟირების გავლის ან ევროპის მოხალისეობრივი სერვისის ფარგლებში მოხალისეობრივ პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით, მოეთხოვება ქვემოთ მითითებული ხარჯების დასაფარად აუცილებელი ფინანსური საშუალებების[1] ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა:
- წარმოშობის ან საცხოვრებელ ქვეყანაში დასაბრუნებელი სამგზავრო ხარჯები, ან მესამე ქვეყნის მიმართულებით ტრანზიტის ხარჯები, რომელმაც მის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა უნდა გასცეს.
- 200 ზლოტი, თუ პოლონეთის რესპუბლიკის მეზობელი ქვეყნიდან ჩამოდის;
- 500 ზლოტი, თუ ჩამოდის ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან, რომელიც არ ესაზღვრება პოლონეთის რესპუბლიკას ან ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრი, - ევროპის ეკონომიკური ზონის შეთანხმების მხარე ქვეყნიდან ან შვეიცარიის კონფედერაციიდან.
- 2500 ზლოტი, თუ პოლონეთში ჩამოდის სხვა ქვეყნიდან, ვიდრე ზემოთ მითითებული ქვეყნებია.
- საარსებო ხარჯები; თვიურად სამყოფი ფინანსური საშუალებების ოდენობა, საცხოვრებელი ხარჯისთვის განსაზღვრული თანხის გამოკლებით, რასაც უცხოელი უნდა ფლობდეს საარსებო ხარჯების დასაფარად, უნდა აღემატებოდეს უცხოელსა და მის კმაყოფაზე მყოფი თითოეული ოჯახის წევრთან მიმართებით სოციალური დახმარების შესახებ 2004 წლის 12 მარტის კანონით განსაზღვრული შემოსავალის მინიმალურ ოდენობას, რომელიც პირს სოციალური დახმარებიდან ფულადი დახმარების მიღების უფლებას აძლევს. ამასთან, ითვლება, რომ საცხოვრებელ ხარჯებში შედის სულ მცირე დაკავებული ფართის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ფიქსირებული გადასახადები, აღნიშნულ ფართში მცხოვრებ თითოეულ პირზე გაანგარიშებით, გარდა ამისა, შედის კომუნალური: ელექტრო ენერგიის, გაზის, წყლის, კანალიზაციით სარგებლობისა და დასუფთავების გადასახადები. უცხოელისთვის საარსებო ხარჯების დასაფარად საჭირო, თვიურად სამყოფი ფინანსური საშუალებების ოდენობის გაანგარიშებისას, ცალკე არ იანგარიშება საცხოვრებელი ხარჯები, თუ უცხოელი მინისტრთა საბჭოს დადგენილებით განსაზღვრული რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქეა.
არსებული რეგულაციების თანახმად, სოციალური დახმარებიდან[2] ფულადი დახმარების დანიშვნის საშემოსავლო კრიტერიუმს, მარტოხელა პირის შემთხვევაში, წარმოადგენს 701 ზლოტი, ხოლო ოჯახის შემთხვევაში - სულზე 528 ზლოტი.
საცხოვრებელი ხარჯების გაანგარიშება. აღნიშნული ხარჯები, როგორც წესი უნდა მოიცავდეს:
- ბინის ქირავნობის ხელშეკრულების შემთხვევაში - გამქირავებლის სასარგებლოდ გადასახდელ ქირას, ბეს ან უძრავი ქონების/ბინის მოვლა-შენახვის მიმდინარე გადასახადებს (მობინადრეთა (მესაკუთრეთა) ამხანაგობის ან სამომხმარებლო კოოპერატივის ფიქსირებულ გადასახადებს), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქირის გადასახადში ჩათვლილია აგრეთვე სხვა გადასახადები (მაგ.: კომუნალური მომსახურებების გადასახადები);
- უძრავი ქონების უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების შემთხვევაში - კომუნალურ გადასახადებს, თუ, რა თქმა უნდა, ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
- უძრავ ქონებაზე ან ბინაზე საკუთრების უფლების შემთხვევაში - უძრავი ქონების (ბინის) ფლობის გადასახადებს ან მოსაკრებლებს, ასევე სხვა კომუნალურ გადასახადებს;
- სასტუმროში განთავსების შემთხვევაში - თანხას სასტუმროში განთავსების დღიური საფასურის გაანგარიშებით;
- სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსების შემთხვევაში - ადმინისტრაციის/ხელმძღვანელობის მიერ დადგენილ თვიურ საფასურს, მათ შორის საგარანტიო შენატანის (დეპოზიტის) გათვალისწინებით.
სხვა პირობებით და ფორმით განთავსების შემთხვევაში, მგავსი წესით უნდა მოხდეს საცხოვრებელი ხარჯების გაანგარიშება. თუ მოცემულ ფართში ერთზე მეტი პირი ცხოვრობს, საცხოვრებელი ხარჯები პროპორციულად დგინდება პირთა რაოდენობის შესაბამისად.
ეროვნულ ვიზაზე განაცხადის შემოტანისას, ზემოთ მითითებული მიზნებიდან ერთ-ერთის საფუძველზე, უცხოელმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც კონსული შეძლებს, დაადგინოს ეს ხარჯები და შეაფასოს, უცხოელის ხელთ არსებული ფინანსური საშუალებები იძლევა თუ არა მგზავრობის, საარსებო (მინიმალური ოდენობის გაანგარიშების წესი განმარტებულია ზემოთ) და საცხოვრებელი ხარჯების დაფარვის საშუალებას. თუ აპლიკანტი მსგავს დოკუმენტაციას არ დაურთავს სავიზო განაცხადს, დამატებით წარმოსადგენად ეძლევა 14 დღიანი ვადა.
იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული ფორმით შეუძლებელი იქნება აუცილებელი ფინანსური სახსრების ოდენობის დადგენა, რაც უნდა გააჩნდეს პოლონეთში სწავლის, სამეცნიერო კვლევების ჩატარების, სტაჟირების გავლის ან ევროპის მოხალისეობრივ პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით ეროვნულ ვიზაზე განაცხადის შემომტან უცხოელს, უნდა დადგინდეს პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის დადგენილების საფუძველზე, რომელიც ეხება პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლისას უცხოელისათვის აუცილებელ ფინანსურ საშუალებებსა და დოკუმენტებს, რომლებსაც შეუძლია დაადასტუროს ასეთი ფინანსური საშუალებების მოპოვების შესაძლებლობა, დაგეგმილი ვიზიტის მიზანი და ხანგრძლივობა (კანონთა კრებული 2017 წ. პოზ. 2122), იმის გათვალისწინებით, თუ რომელ კატეგორიაში გადის უცხოელი (მაგ.: სტუდენტების, მეცნიერების თუ სხვა უცხოელების), და აგრეთვე რა პირობებით დაჰყოფს პოლონეთის ტერიტორიაზე (მაგ.: სტაჟირების ხელშეკრულების პირობები ან მოხალისეობრივი პროგრამის პირობები საარსებო ხარჯებთან, ფულად ანაზღაურებასთან მიმართებით და სხვა.:)
[1] პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრის 2018 წლის 6 თებერვლის დადგენილება ფინანსური სახსრების ოდენობის შესახებ, რომელსაც უნდა ფლობდეს უცხოელი პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სწავლის დაწყების ან გაგრძელების შემთხვევაში; (კანონთა კრებული 2018 წ. პოზ. 337) ;
2019 წლის 16 აპრილის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრის დადგენილება ფინანსური სახსრების ოდენობის თაობაზე, რასაც უნდა ფლობდეს უცხოელი პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამეცნიერო კვლევების ჩატარების ან პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გრძელვადიანი სამეცნიერო მობილობით სარგებლობის შემთხვევაში (კანონთა კრებული 2019 წ. პოზ 771);
2019 წლის 17 აპრილის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრის დადგენილება ფინანსური სახსრების ოდენობის თაობაზე, რასაც უნდა ფლობდეს უცხოელი პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტაჟირების გავლის შემთხვევაში (კანონთა კრებული 2019წ. პოზ. 777)
2019 წლის 17 აპრილის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრის დადგენილება ფინანსური სახსრების ოდენობის შესახებ, რასაც პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოხალისეობრივი მომსახურების შესრულებისას უნდა ფლობდეს უცხოელი (კანონთა კრებული 2019 წ. პოზ. 748)
[2] 2018 წლის 11 ივლისის მინისტრთა საბჭოს დადგენილება შემოსავლის კრიტერიუმებისა და ასევე სოციალური დახმარებიდან ფულადი დახმარების კვოტების დამტკიცების შესახებ (Dz.U. 2018 poz. 1358